logo
ENG



გუმათში პოლიციასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

29 მაი 202121:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/29/lrjozu14kceadyz.jpg

სოფელ გუმათში სამართალდამცავებსა და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირების მიღმა გადასვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია და აქციის მონაწილეები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ. შეხლა-შემოხლის დროს, სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები პროტესტს მეოთხე დღეა ლითონის კედელზე ბრახუნით გამოხატავენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა